ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეებმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლებისადმი მიმართვა მიიღეს. მიმართვაში ისინი მათ მოსკოვის წარმომადგენლების საქციელისადმი ყურადღების მიქცევას სთხოვენ. მიმართვის ავტორთა აზრით, "ისინი მხარს უჭერენ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უკანონო მოქმედებებს და არ სურთ სიმართლის მოსმენა და გაგონება".
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უკანონო მოქმედებების მხარდაჭერა, რომლებმაც, ხალხის ნდობის დაკარგვის შემდეგ დემონსტრაციულად მოახდინეს ქვეყნის კონსტიტუციის იგნორირება, გაუგებრობას იწვევს და საერთაშორისო ძალებს რევანშის საშუალებას აძლებს რაც არც რუსეთის და არც სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არ შედის", _ ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიცია სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას, "ჯერ სანამ გვიანი არ არის, ობიექტურად შეხედონ სიტუაციას".
"ჩვენი ხალხი არ იმსახურებს თავისადმი ისეთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორსაც დღეს ამჟღვნებენ მოსკოვის წარმომადგენლები და აშკარად ცდილობენ მისცენ ხელისუფლებას დრო უკანონო გადაწყვეტილებების გასატანად", _ ნათქვამია მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "კლანებს შორის იქ მიმდინარე დაპირისპირება ისე უნდა გადაწყდეს, რომ თითს მოსკოვისკენ არავინ უნდა იშვერდეს. "წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემები ექნებათ", _ განაცხადა მედვედევმა.