ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეების მიტინგი გრძელდება. მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. მეტიც, ისინი ჯიოევას ე.წ. ინაუგურაციისათვის ემზადებიან და ამ ღონისძიების ჩატარებას 10 დეკემბერს გეგმავენ. ჯიოევას მომხრეთა განმარტებით მის ინაუგირაციაზე სწორედ ის 17 ათასი ადამიანი შეიკრიბება, რომელმაც მას მისცა ხმა.
"ხალხმა თავისი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარება გადაწყვიტა და ეს ქმედება ალბათ უფრ პოლიტიკური იქნება ვიდრე სახემწიფოებრივი", _ განაცხადა ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ხანიკაევმა.
მისივე თქმით, ინაუგურაციის ცერემონიალი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე უნდა გაიმართოს. იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ალა ჯიოევას თავის პრეზიდენტად გამოაცხადებს.
თავად ალა ჯიოევა ამ დროისათვის თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს, თუმცა აცხადებს, რომ მას ხალხთან გასვლა სურს. "ისინი უკვე მესამე დღეს ყინვაში დგანან, მე ვღელავ მათზე", _ აცხადებს ჯიოევა. ხალხთან მოედანზე ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი იმყოფება.