ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი პირობას დებს, რომ ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს ალა ჯიოევასა და მისი მომხრეების დევნას არ განახორციელებს. მეტიც, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითი ასევე მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევას ცხინვალის რეგიონში 25 მარტს დანიშნულ ე.წ. განმეორებით "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
"მიმაჩნია, რომ ალა ჯიოევას უნდა ჰქონდეს საშუალება მომდევნო წლის მარტში რესპუბლიკის მეთაურის ასარჩევად დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს ჩემი პირადი აზრია, ხოლო ბოლო სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ უნდა თქვას", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.
"მე ასევე პირობას ვდებ, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც დღეს ალა ჯიოევას მხარდასაჭერად მოედანზეა გამოსული დევნის ობიექტი არ იქნება. გუშინ მაგალითად ალა ჯიოევას რამდენიმე შეიარაღებული მომხრე დავაკავეთ. მაგრამ მას შემდეგ რაც მათ იარაღი ჩამოართვეს ისინი გაათავისუფლეს", _ აცხადებს კოკოითი და აღნიშნავს, რომ დღეს ალა ჯიოევასთან მოლაპარაკებები გაგრზელდება და ის კონსტრუქციული იქნება.
შეგახსენებთ, რომ იმის გამო, რომ 27 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების "მეორე ტურში" კრემლმა თავისი კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის გაყვანა ვერ შეძლო და ხმის მიცემის შედეგების მიხედვით ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს და განმეორებითი ე.წ. არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნეს.