თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა რუსეთი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიკავზში მცხოვრებმა ცხინვალელმა ე.წ. პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ ალან ჩოჩიევმა ერთ-ერთ ოსურ ინტერნეტგვერდზე გაავრცელა. ალან ჩოჩიევი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
მისი ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი "ლუბიანკაზე" დაიბარეს, სადაც მას სამი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი დაემუქრა. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე დასახელებულია ყველაზე აქტიური გენერლის გვარი - ხრამოვი.
"ჯაბო თედეევი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მიზეზი: იგი ლუბიანკაზე დაიბარეს. "ეფ-ეს-ბეს" მუქარების შესახებ მე მომითხრეს, ვაცილებ მხოლოდ პირდაპირ ცენზურას, ციტატებს კი გავიხსენებ და ვწერ", _ წერს ალან ჩოჩიევი.
"კაბინეტში თედეევი მარტო იყო - ზეწოლას სამი გენერალი და ერთი მდუმარე პოლკოვნიკი ახორციელებდა. ერთ -ერთი გენერლის გვარი ხრამოვი იყო. მე ჯერ ხრომოვი მეგონა, მაგრამ "არა ხრამოვი"- მივიღე პასუხად.
"ჩვენ შენ სიცოცხლე შეგინარჩუნეთ - ჩვენ შეგიქმენით პირობები, რომ შენ სამხრეთ ოსეთიდან გამოსულიყავი და კოკოითი გავაჩერეთ",_ უთხრა გენერალმა თედეევს.
მას დაემუქრნენ, რომ "სამშობლოს ღალატს" "მიაკერებდნენ" - რაც სავსებით "რეალური" გასაკეთებელია თედეევის საზღვარგარეთ ხშირი და ხანგრძლივი ვიზიტების გათვალისწინებით. ისინი მოითხოვდნენ: გადააგდე ჯიოევა და ბიბილოვისა და კოკოითის მხარეს დადექი", _ წერს ალან ჩოჩიევი, რომელიც თხრობას ჯამბოლატ თედეევის მიერ გაცემული პასუხებით აგრძელებს:
"სამხრეთ ოსეთში ანტირუსული განწყობის პოლიტიკოსები არ არიან - ეს თქვენ და ქართველები ერთნაირად აჩოქებთ სამხრეთ ოს ხალხს. ჯიოევა კი ყველაზე გამოჩენილია იქ მყოფ პოლიტიკოსთაგან. მე არავის გადავურჩენივარ, მე გამოვემგზავრე მხოლოდ მაშინ როდესაც თავად გადავწყვიტე ამის გაკეთება. სამშობლოს ღალატს ვერ დამწამებთ - მე ორი სამშობლო მაქვს - სამხრეთ ოსეთი და რუსეთი. პირველის გამო ჩემი ახლობლები და ნათესავები იბრძოდნენ, მეორე კი როგორც შემეძლო ისე ვასახელე სპორტულ სამყაროში. ჯიოევა - ნების მქონე ადამიანია, არ მესმის რა გინდათ მეტი, ის პრორუსულია და გარდა ამისა თავისი პოლიტიკით რუსეთს არ შეარცხვენს მთელს მსოფლიოში, როგორც ამას კოკოითი აკეთებს", _ პასუხობდა ჩოჩიევის განმარტებით თედეევი.
მისივე ინფორმაციით, წასვლის წინ ჯაბომ თქვა: "მითხარით, რით ხართ ქართველებზე უკეთესი? თქვენც და ქართველებიც ერთნაირად აჩოქებთ სამხრეთ ოს ხალხს რომელიც ამის წინააღმდეგ უკვე 20 წელია იბრძვის და იბრძოლებს კიდეც მანამდე ვიდრე პირში სული უდგას. თქვენ კი ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ უკვე დააეჭვეთ ოსი ხალხი - იყოს იგი რუსეთთან თუ არა - უკვე არიან ისეთებიც ვინც ფიქრობს, რომ რუსებსაც და ქართველებსაც ეს ტერიტორია ოსი ხალხის გარეშე უნდათ", _ წერს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ თედეევმა გენერლებს უთხრა "დამაპატიმრეთ", მაგრამ იგი არ დააპატიმრეს. მეორე დილით თედეევმა ყოველივე ეს თავის მეგობრებს მოუთხრო, ბილეთი აიღო და რუსეთი დატოვა.
"მე ჩემს მოსაუბრეებთან უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ თედეევს საერთაშორისო სკანდალის გარეშე ვერ დააპატიმრებენ - ეს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, სავარაუდოდ, მას მოკლავენ შემდეგ კი ამ საქმეს "გახსნიან" და იტყვიან რომ იგი "კრიმინალურ გარჩევას" შეეწირა", _ წერს ჩოჩიევი.