"ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არის ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია შესაძლოა უკონტროლო გახდეს", _ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების სამსახურის" ხელმძღვანელმა ბორის ატოევმა გააკეთა.
"მასებში არის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ ძალოვანი შეტაკების პროვოცირება მოახდინონ. არის მონაცემები იმისა, რომ მომიტინგეების პროვოცირება ხდება და მათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებენ", _ აცხადებს ატოევი და ყველას წესრიგისა და კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს.
"არის მოწოდებები მთავრობის შენობის ხელში ჩაგდებისა, მაგრამ ამას არავინ არ დაუშვებს", _ აღნიშნავს ბოლოს ატოევი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში მდგომარეობს კვლავ დაძაბული რჩება. ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევას ულტიმატიუმს უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ჯიოევა კოკოითისგან არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვადას დღეს საღამომდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიოევა იმუქრება, რომ იგი თავისი მომხრეების საქციელზე პასუხისმგებლობას იხსნის.