რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხვალ, 27 ნოემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დღეს სეპარატისტების მიერ დაკავებულ მთელს რეგიონში ე.წ. "სიჩუმის დღეა" გამოცხადებული.
წინასაარჩევნო აგიტაციისათვის განკუთვნილი ვადა ისე ამოიწურა, რომ ე.წ. მეორე ტურში გასულმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ ტელედებატების ბოლო რაუნდი ვერ ჩაატარეს. გადაცემის დაწყების წინ ტელეკომპანია "ირ"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბში ეს ფაქტი პროვოკაციას შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ე.წ არჩევნების მეორე ტურის გამო სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონისაკენ საქართველოდან მიმავალი ყველა გზა და გამშვები პუნქტი ჩაკეტეს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სულ 11 ე.წ. კანდიდატი მონაწილეობდა. ანატოლი ბიბილოვმა რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანას გეგმავს ხმების 24,89 % დააგროვა, ხოლო ალა ჯიოევამ 24, 80 %.
საქართველოს ამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. მათ არ აღიარებენ ასევე კავკასიის რესპუბლიკები აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ორმა რესპუბლიკამ აღნიშნული ე.წ. არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს.