"რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ბიძინა ივანიშვილის გუნდი ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში იქნებიან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის, "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შეხვედრისას სამუშაო ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
"შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფების დონეზე ვიწყებთ მუშაობას. უნდა აღვწეროთ ჩვენი ამომრჩეველი და შევიდეთ ყველა ოჯახში. ეს არის საერთო საქმე და ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განმარტებით, კოალიციასა და ალიანსზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
"ეს იქნება ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. მისი საბოლოო სახე და გაწევრიანებულთა ზუსტი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჯერ ეს ვერ იქნება საარჩევნო ბლოკი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არჩევნები დანიშნული არ არის. მიმდინარეობს ერთიანი პოლიტიკური მანქანის ჩამოყალიბების პროცესი", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა. ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის ეროვნული კომიტეტი სრული, 35-კაციანი შემადგენლობით და "თავისუფალი დემოკრატების" დაახლოებით ამდენივე წარმომადგენელი.