პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს.
საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ნადირაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებული ვითარება არცთუ სახარბიელოა. მისი თქმით, პრაქტიკულად არ აქვთ დაფინანსება, არ გააჩნიათ შესაბამისი სპორტული ინვენტარი, მათ შორის ველოსიპედები და ასეთ პირობებში მწვრთნელები მართლაც ენთუზიაზმის დონეზე მუშაობენ.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, სასურველია, შესაბამისმა სამსახურებმა და უწყებებმა სპორტის ამ სახეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალონ და სამომავლო გეგმები დასახონ. მისი თქმით, ველოსპორტით ბევრი მოზარდია დაინტერესებული, რომელთა შორის ბევრია ნიჭიერი და პერსპექტიული. ფედერაციის პრეზიდენტმა კომიტეტის წევრებს ველოსპორტის განვითარების შესახებ ფედერაციაში შემუშავებული პროგრამაც გააცნო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ველოსპორტის სფეროში შექმნილი ვითარება შემაშფოთებელია და მან სპორტის ამ სახეობის მესვეურებს მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
კომიტეტი შესაბამისი წერილით დარგობრივ სამინისტროსა და ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტსაც მიმართავს.