საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას ფლობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„ინფორმაციის მოპოვებაში საფრანგეთში საქართველოს საელჩო აქტიურად არის ჩართული. რთული იქნება სასამართლო პროცესის შესახებ კომენტარის გაკეთება, რადგან ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საფრანგეთის პოლიციამ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლებსაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქურდული ბანდა ჰქონდათ ორგანიზებული. ბანდაში 23 კაცი შედიოდა. ისინი საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ძარცავდნენ და აყაჩაღებდნენ კერძო სახლებს, მაღაზიებსა და საწყობებს ერთი წლის განმავლობაში, იპარავდნენ ციფრულ ტექნიკასა და ძვირფასეულობას. შემდეგ ყოველივე ამას ისინი ბელგიაში ან კავკასიაში აგზავნიდნენ.