საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დღეიდან მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დაჩქარებული რეჟიმით მოემსახურება.
2010 წლის 1 იანვრიდა ამოქმედებული, `ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში~ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მოემსახურება განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ჩვეულებრივ ვადაში მომსახურებისათვის ტარიფები უცვლელი რჩება, დაჩქარებული მომსახურებისათვის კი დამატებული საფასური მინიმალურია.
საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების აქამდე არსებული წესის მიხედვით მომხმარებელთა მომსახურებისათვის დაწესებული იყო 10-დღიანი ვადა.
დაჩქარებული მომსახურების შემოღება მომხმარებელთა ინტერესებს ემსახურება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ხშირად ესაჭიროებათ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევა უფრო მცირე დროში. საკანონმდებლო ცვლილება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ მათთვის ხელსაყრელი არჩევანი.
ამასთან, ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს გაუწევს წიგნების, დოკუმენტებისა თუ ფერწერული ნამუშევრების სარესტავრაციო მომსახურებას.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი სახიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.