ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"რეზოლუცია გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეკომენდაციებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა სრულფასოვანი კვლევის შედეგად მიიღო რეზოლუცია. ეს არის იურიდიულად და პოლიტიკურად მყარი და კარგი დოკუმენტი. დოკუმენტში აისახა რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულება. კერძოდ ის, რომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საგარეო ვექტორი",- განაცხადა კალანდაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მისი თქმით, დოკუმენტში სამჯერ არის ნახსენები ტერმინი ოკუპაცია.
"ნახსენებია ასევე ეთნიკური წმენდა და საუბარია იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე და აამოქმედოს ყველა საჭირო მექანიზმი, რომ სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით არსებობდეს წინსვლა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.