ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორტი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გენდრიუს ჩეკუოპოლისი (ეუთო) სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ფილიპ ლეფორტმა ვიაჩესლავ ჩირიკბას პოდრიგ მერფი წარუდგინა, მერფი თანათავმჯდომარე გენდრიუს ჩეკუოპოლისს შეცვლის. გენდრიუს ჩეკუოპოლისი დღეს ბოლოჯერ იყო აფხაზეთში ჩასული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის რანგში. თანათავმჯდომარეთა განცხადებით მათი დელეგაცია თბილისში დღესვე გაემგზავრება. ამის შემდეგ ისინი ცხინვალში ჩავლენ და მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე გარღვევებს არ ელის.
"ჩვენ გარღვევებს არ ველთ, ვინაიდან ჯერ ჯერობით, სამწუხაროდ ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ჩვენ მომართულნი ვართ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ და პრობლემათა მთელი რიგი კომპლექსის მოგვარებისკენ, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთს შორის მომხდარ ომთანაა დაკავშირებული", _ განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა აფხაზური მხარე მზადაა დილოგისა და თანამშრომლობისათვის. ამის შემდეგ, აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 14 დეკემბერს გაიმართება.