აშშ-ს ხელისუფლებას დღეიდან ქვეყანაში შემსვლელი ყველა ავიაკომოპანიის მგზავრების შემოწმების ახალი წესები შემოაქვს.
ახალი წესები ძირითადად იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "ტერორიზმის სპონსორებად" განიხილავს.
მიმდინარე ეტაპზე ეს ქვეყნებია - კუბა, ირანი, სირია და სუდანი.
ყველა მგზავრი, რომელიც აშშ-ში ამ ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებზე ტრანზიტით ჩავა, ვაშინგტონის მოთხოვნით, ფაქტობრივ ჩხრეკას და ხელბარგის შემოწმებას გაივლის.
ასეთივე პროცედურის გავლა მოუწევთ _ ავღანეთის, იემენის, ლიბანის, ნიგერიის, პაკისტანისა და სომალის მოქალაქეებს და ტრანზიტულ მგზავრებს. აღნიშნული ქვეყნები აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ შესაბამისი რიკის შემცველად განიხილება.
სრული სია იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ვაშინგტონი რისკის მატარებლად მიიჩნევს ღიად არ ქვეყნდება, რაც სავარაუდოდ, არაერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს მოაქცევს მკაცრი კონტროლის ქვეშ.
სხვა დანარჩენი უცხოელი მოქალაქეები და ამერიკელები, რომელებიც სამშობლოში ბრუნდებიან, პერიოდულად გაივლიან შერჩევით კონტროლს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, ასევე შემოწმდებიან სკანერზე, რაც უსაფრთხოების სამსახურებს შესაძლებლობას აძლევს შესამოწმებელი პირი "გააშიშვლოს".