საქართველოდან რუსეთში "ბორჯომის" შეტანის მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა არაა, თუმცა მისი რუსეთში დაბრუნება ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ "ეხო მოსკვის" ეთერში რუსეთის როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.
ონიშჩენკოს თქმით, არსებობს პოზიტიური იმპულსები, მით უფრო რომ ბიზნესი ამ თემას მუდმივად "აღვიძებს".
"ერთადერთი, რაც პოზიტიურ იმპულსებს იძლევა ისაა, რომ გასულ თვეს, რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა გამართეს მოლაპარაკებები საბაჟო პუნქტების გახსნაზე", - განაცხადა ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, ოფიციალურ დონეზე ბორჯომის თემაზე არავითარი იმპულსები არ ვლინდება.
"ოფიციალურ დონეზე თბილისიდან არავითარი იმპულსები არ ყოფილა, თუმცა ბიზნესი ამ თემას მუდმივად აღვიძებს", _ განაცხადა ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, "ბორჯომის" მიწოდების აღდგენა ტექნიკურად რთულ პრობლემას არ წარმოადგენს.