H1N1 ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამ დროისთვის უკვე 1121 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
სპეციალისტების განმარტებით, ვირუსს გართულებები, ძირითადად, ფეხმძიმეებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში ახლავს. ფატალურად ვირუსის 15 შემთხვევა დასრულდა.
თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, ყველა პოლიკლინიკას დარიგებული აქვთ "ტამიფლუ". მისივე თქმით, ბინაზე პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება უფასოა.
"როდესაც ექიმი მიდის ბინაზე და მიიჩნევს საჭიროდ, რომ "ტამიფლუ" უნდა დაინიშნოს, ის ავადმყოფს უტოვებს "ტამიფლუს", მაგრამ არა ავადმყოფის მოთხოვნით, რომ ვთქვათ რეზერვში დაიტოვოს ოჯახში ეს პრეპარატი. როგორც იცით, 140 ათასი დოზა არის სამინისტროს მიერ შესყიდული. ამ ეტაპზე ეს აბსოლუტურად საკმარისია. ჯერჯერობით "ტამიფლუს" ძალიან დიდი რაოდენობის მარაგია ქვეყანაში. საჭიროების ემთხვევაში იანვარშიც შეიძლება დამატებით იყოს შესყიდული პრეპარატი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროებენ "ტამიფლუთი" მკურნალობას, შეუძლიათ გამოიძახონ პოლიკლინიკის ექიმი, ან მიმართონ პოლიკლინიკას საცხოვრებელის მიხედვით და ისინი უფასოდ მიიღებენ ამ პრეპარატს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქაცარავა.
მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რითაც შემდგომ გართულებებს აიცილებენ თავიდან.