დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტის შემსწავლელი კომისიის საკითხი გადაწყდება. დღესვე გაირკვევა, კომისია იქნება საგამოძიებო, თუ დროებითი. ამის შესახებ გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საკითხი ჯონდი ბაღათურიას მიერაა ინიცირებული და ბიუროს სხდომაზედაც თავად წარადგინა.
ბაღათურიას იდეას საპარალმენტო უმრავლესობაც იზიარებს და ოპოზიციაც.
"მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობდეს საზოგადეობაში ეჭვები და კითხვები და ჩვენი ვალდებულებაა ისტორიის წინაშე, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა იყო უმრავლესობის შიგნითაც და უმრავლეოსობა პრინციპულად ეთანხმება ბაღათურიას მოთხოვნას, თუმცა ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი რეგლამენტის დაცვით უნდა გადაწყდეს.
ასეთივე შეფასებას აკეთებს საპარალმენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. თუმცა იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას სწორედ საგამოძიებო კომსიია, რომელიც იქნება სათანადო ფუნქციებით აღჭურვილი და შეძლებს საკითხის სრულყოფილად გამოძიებას.
სესიაზე გადაწყდება, კომისია იქნება საგამოძიებო, თუ დროებითი. ამ ორ კომისიას რეგლამენტის განსხვავებული ფუნქციები აქვს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას და ხელმძღავნელობას, ეს საკითხი კომისიის შექმნის შემდეგ გადაწყდება. თუმცა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომისიის თავმჯდომარე სწორედ ჯონდი ბაღათურია იქნება. საკითხიც ოფიციალურად მის მიერ არის ინიცირებული. გარდა ამისა, არაოფიციალურად ამ საკითხს უკავშირებენ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის საკითხსაც.