დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყაზახურ მხარესთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, შეხვედრა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება, შესაბამისად, საქართველოს ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ეწვევა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყაზახურ მხარესთან, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლებთან საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ეუთოს იმ როლზე იქნება საუბარი, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას შეუძლია შეასრულოს.
"ყაზახეთი ცენტრალური აზიის წამყვანი სახელმწიფოა. ამასთან, მომავალი წლიდან ის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გახდება. აქედან გამომდინარე, საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებას და იმ როლს შეეხება, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ამ ორგანიზაციას შეუძლია შეასრულოს", - განმარტა ნალბანდოვმა.