`მდინარე ალაზანმა კალაპოტი იცვალა და კიდევ ერთი წყალდიდობის შემთხვევაში საქართველოს დაახლოებით 204 ჰა ტერიტორიას მოსტაცებს~, - ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაზე ბუნებისმოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენელმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მდინარის მიერ წართმეული ტერიტორია ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს დარჩება, ან შუაგულ მდინარეში, კუნძულივით. `მდინარე ალაზანი საფრთხეს უქმნის ერთადერთ გზასაც, რომელიც საქართველოს ე.წ. კაკლის ყურესთან აკავშირებს~, - განუცხადა სუხიტაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ცნობისათვის, კაკლის ყურეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.
`ეს პრობლემა დედოფლისწყაროს რაიონში ნამდვილად დგას, თუმცა მისი მოგვარება და თუნდაც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია~, - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ბენაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ბუნებისმოყვარულთა საზოგადოებიდან მოგვაწოდეს.