15 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაიცემა მხოლოდ დროებითი პირადობის მოწმობები, რომლებიც არჩევნებზე არ გამოიყენება. ამის შესახებ განცხადება დღეს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს საარჩევნოდ თბილისის ამომრჩეველთა სიების გაყალბება. ამის პრევენციისთვის ასახელებს იმ მექანიზმს, რომ 15 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე გაიცემა მხოლოდ დროებითი პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება პირადობის მოწმობის იდენტური იურიდიული ძალა, მაგრამ არ გამოიყენება არჩევნებზე.
კუბლაშვილის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა, რომ ამომრჩეველთა სიები არ გაყალბდება. კუბლაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი საარჩევნო სიების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით არის ტყუილი. იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამას თავის დაცვისთვის აკეთებს. ამ პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც.
აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტით იქნა განსაზღვრული. დღეს რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენისთვის ღიად იყო დარჩენილი რამდენიმე მუხლი და მათ შორის ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შემუშავების მექანიზმი. თუმცა არსებული სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შედის კანონში. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია ამომრჩეველთა სიები თავისი რესურსით გადაამოწმოს.