ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ჯამბოლად თედეევისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ამ შემთხვევაში მისი უსაფრთხოების გარანტად ყოფნის პირობას დებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"კოკოითი მზადაა, გახდეს თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლად თედეევის უსაფრთხოების გარანტი, თუ ის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო საჯაროდ ბოდიშს მოუხდის",_ იუწყება კომიტეტი.
"მიმაჩნია, რომ აღნიშნული წინადადება გაგებული იქნება. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს თედეევის აქ, რესპუბლიკაში, ხილვა არ სურს. მასა და მის მომხრეებს, თუკი მართლაც ქვეყანაზე შესტკივათ გული, აქვთ შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არ აიძულონ სამართალდამცავი ორგანოები, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით იმოქმედონ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და აღნიშნავს, რომ "არ შეიძლება ბლაგვი ფიზიკური ძალით იმოქმედო, როგორც ამას თედეევი აკეთებს, რომელმაც, ჩემი აზრით, უკვე გააცნობიერა ის მდგომარეობა, რომელშიც უნებლიეთ აღმოჩნდა. თუმცა თეედეევს აქვს შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოსახლებისა და ჩვენი სახელმწიფოს თვალში თავისი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს", _ განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მართალია "ახალგაზრდა მაგრამ ძლიერი სახელმწიფოა" და ვინც არ უნდა ეცადოს აქ სიტუაციის არევას მაინც ვერ შეძლებს.
შეგახსნებთ, რომ 30 სექტემბერს თავისუფალ ჭიდაობაში, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლად თედეევის რამდენიმე მომხრემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" სხდომაზე შეჭრა სცადა. სხდომაზე თედეევისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. თედეევს "ცესკომ" ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. აღსანიშნავია, რომ ჯამბოლატ თედეევი ედუარდ კოკოითის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერსაა დანიშნული.