ცხინვალში მომხდარი არეულობების რამდენიმე მონაწილემ გააცნობიერა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლატ თედეევის პროვოკაციული მოქმედებების უნებლიე მძევალი აღმოჩნდა. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ დღეს ცხინვალში გამართულ თათბირზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელზე უკვე შემოვიდა რამდენიმე მომართვა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმ პროვოკაციების უნებლიე მონაწილენი აღმოჩნდნენ, რომლებიც ერთმა არშემდგარმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯამბოლატ თედეევმა მოაწყო. თუ ადამიანებმა მართლაც გაიაზრეს თავიანთი შეცდომა, მაშინ არ ღირს მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა", _ განაცხადა კოკოითიმ და თავისი ე.წ. მთავრობის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მხედველობაში მიიღონ ამ ადამიანების სინანული და რაც მთავარია მათი ხელშეუხებლობა უზრუნველყონ.
"ეს ჩვენი მოქალაქეები არიან და მე, როგორც კონსტიტუციის გარანტს, ასევე მაქვს მათზე პასუხისმგებლობა. მათ შორის ბევრია ახალგაზრდა და კარგად მესმის მათი მდგომარეობა, მესმით, რა ამოძრავებდათ მათ", _ განაცხადა კოკოითიმ და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც კი ასეთი დანაშაული ჩაიდინა და არ მოუნანიებია, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ.
შეგახსნებთ, რომ 30 სექტემბერს თავისუფალ ჭიდაობაში, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლად თედეევის რამდენიმე მომხრემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" სხდომაზე შეჭრა სცადა. სხდომაზე თედეევისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. თედეევს "ცესკომ" ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. აღსანიშნავია, რომ ჯამბოლატ თედეევი ედუარდ კოკოითის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერსაა დანიშნული.