საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველო დატოვა. ნიკოლა სარკოზი, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, თავისუფლების მოედანზე შეკრებულ ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა.
ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროპელი დამკვირვებლების შეშვება მოითხოვა.
თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ნიკოლა სარკოზი ევროპის სახლში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთი დაჰყო და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე გავიდა და ხალხს მიმართა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტებმა, ავლაბრის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ქართულ მხარეს ნიკოლა სარკოზთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან რამდენიმე წუთიანი არაოფიციალური შეხვედრაც ქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი კავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანშიც იმყოფებოდა.
ნიკოლა სარკოზი პირველად თბილისს 2008 წლის 12 აგვისტოს ესტუმრა. მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვში შეათანხმა. იმ დროს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის დასაზუსტებლად სარკოზი სექტემბრის დასაწყისში კვლავ ეწვია.