წიკლაურის ლექსის ფრაგმენტი "ლექსო არ დაიკარგები", რომელიც წლების წინ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს სახელწოდება იყო, დღეს დავის თემად იქცა.
"ლექსო, ნუ დაიკარგები", - ამ სათაურით 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ეწყობოდა ფოლკლორის საღამოები.
როგორც ამირან არაბულმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ომარ წიკლაურის ლექსში წერია: "ლექსო, არ დაიკარგები, ნათქვამო ომაისაო", წლების წინ, სამწუხაროდ, ვამბოდით: "ლექსო, ნუ დაიკარგები", რაც შეცდომაა. ეს შარშანწინდელი ღონისძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ. "ნუ" - ფორმა თხოვნაა და მუდარას გულისხმობს, "არ" კი მაღალმხატვრულ ღირებულებას, რომლის დაკარგვა არ შეიძლება. როგორც ჩანს, წლების წინ, ვიღაცამ ზეპირად ნათქვამი დაიმახსოვრა და დამახინჯებული ფორმით დაერქვა - "ლექსო, ნუ დაიკარგები", თუმცა ამჯერად ყველაფერი დალაგდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ამირან არაბულმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო, არ დაიკარგები" გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ხალხური მელექსეები, ავტორ-მთქმელები, სიმღერისა და ცეკვის შემსრულებლები. ღონისძიებას ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული გაუძღვებიან. ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები" ხორციელდება თბილისის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით.