ორგანიზაცია "თეთრების" ხელმძღვანელი, თემურ შაშიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს აუდიოჩანაწერი, რომელზედაც ჩაწერილია ხელისუფლების პირველი პირების საუბარი საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
შაშიაშვილის განცხადებით, ჩანაწერი გამოქვეყნდება პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" სატელევიზიო ეთერით გასვლის შემდეგ. შაშიაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ეცდება, დაბლოკოს პროექტი და სატელევიზიო არხები უარს იტყვიან პროექტის ეთერში გაშვებაზე, ორგანიზაცია შეეცდება სხვა ფორმით გახადოს საჯარო მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები.
"ხელისუფლებამ უნდა გამოაქვეყნოს ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენს ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება. თუ ხელისუფლება იმავე მასალას წარმოადგენს, რაც ჩვენს აუდიოჩანაწერშია და საზოგადოებას სიმართლეს ეტყვის, მაშინ, რა თქმა უნდა, აზრი აღარ ექნება ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას. თუ ხელისუფლება შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ამ ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთ. ჩანაწერები უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინახება მსოფლიოს 7 ქვეყანაში", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შაშიაშვილმა.
მისი თქმით, ჩანაწერებში საუბარია ასევე საქართველოში შემოსულ ინვესტორებზე, რომლებსაც თანხას სხვადასხვა ფონდში არიცხვინებენ და შემდეგ ამ თანხას კონკრეტული პირები განკარგავენ.
"ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს მომავალი არ აქვს. ამ ჩანაწერით დადასტურდება, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურება", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შაშიაშვილმა.