"ეროვნული საბჭოს" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მასში მონაწილეობაზე განაცხადს სავარაუდოდ კიდევ ბევრი ბიზნესმენი და პოლიტიკური ძალა გააკეთებს.
"თუ რა შანსები აქვს ივანიშვილს ვიტყოდი, რომ 10 მილიარდი ფული ჰქონდეს ბიზნესმენს და მის უშანსობაზე ვილაპარაკოთ გულუბრყვილობა იქნება. რა შანსი ექნება და როგორ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ის, რომ გარკვეულ შედეგს ყველა ვარიანტში მიიღებს, ეს ცალსახაა. მაგრამ ჯერ პარტია უნდა შექმნას, მერე მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ყველაფერი დროში უნდა დავინახოთ. მე როგორც ვხედავ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა სხვა ბიზნესმენებმაც და სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც გააკეთონ განაცხადი მონაწილეობაზე. ამას მოწმობს გულუას განცხადებაც, რომლის თანახმადაც აპირებს პარტიის შექმნას და მონაწილეობის მიღებას. მე მგონი მილიონერების კონკურენცია დაიწყება საქართველოში", - განაცხადა ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას.
მისი თქმით, კონკრეტული განცხადებების და შეფასებების გაკეთება 7 ოქტომრბის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"პოლიტიკაში ბიზნესმენის გამოსვლის ანალოგი ვნახეთ 2007-08 წლებში, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. არ ვფიქრობ რომ ეს გამართლებული ნაბიჯი იყო და ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნებოდა მას გაეგრძელებინა ბრძოლა მედია თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ერთგვარი მოულოდნელობაა", - განახცადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართუ ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.