პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის შექმნის ინიციატივის უკან კრემლი არ დგას.
"ივანიშვილი იმდენად ჭკვიანი ადამიანია, რომ კრემლის თამაშში არ ჩაებმება. ესეთი რაღაცეები არ იმალება", - განაცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი სარისკოა, რადგან პარტიის ჩამოსაყალიბებლად მას ძალიან ცოტა დრო აქვს.
"მისი გადაწყვეტილება არ მიმაჩნია პერსპექტიულად, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიის შესაქმნელად და ელექტორატის ასარჩევად. ქუჩაში რომ შეხვდეს ადამიანს, შეიძლება ვერც იცნოს. ეს კაცი გაურბის რეკლამას, საჯაროობას. თან ქართული სინამდვილეცაა გასათვალისწინებელი, რადგან მას ძალიან ბევრი მედროვე მიეწებება ფულის გამო. ეს ყველაფერი არ იქნება მისთვის ხელშემწყობი", - განაცხადა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.