დღეს, 2 ოქტომბერს „რომპეტროლის სეზონი 2011"-ის ეგიდით პროფესიონალებსა და მოყვარულთა შორის წყვილთა რბოლა გაიმართება.
საავტომობილო ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, რბოლა რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე 17.00 საათზე დაიწყება. 3 კლასად დაყოფილ შეჯიბრში, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მრბოლელებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი კატეგორია აირჩიონ.
„შეჯიბრი სამ კლასად დაიყოფა. მრბოლელებს შესაძლებლობა ექნებათ იასპარეზონ წინა წამყვანი თვლების, უკანა წამყვანი თვლებისა და ოთხივე წამყვანი თვლის კატეგორიაში. შეჯიბრში რეგისტრაცია წინასწარ მიმდინარეობდა და ჩვენი ვარაუდით, კვირას სამოცდაათამდე მრბოლელი იასპარეზებს. გვახარებს ის ფაქტი, რომ საავტომობილო სპორტი მართლაც განვითარდა და ამას ავტომოყვარულთა ასეთ სერიოზულ, ნახევრად პროფესიონალურ შეჯიბრებში მონაწილეობაც მოწმობს,"- აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
მისივე განცხადებით, გამორიცხული არ არის პირველ საპრიზო ადგილებს სწორედ მოყვარულები დაეუფლონ, რომლებიც „რომპეტროლ საქართველოს" მიერ დაწესებული საპრიზო ფონდიდან დაჯილდოვდებიან.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით კომპანიამ საავტომობილო ფედერაციათან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე სეზონში ყველა რბოლაში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოყვარულ მრბოლელთა სექტორი.
„ვცდილობთ მოყვარულების ჩართულობით საავტომობილო სპორტი კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ. მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ სულ უფრო მეტი მოყვარული გამოთქვამს სურვილს იასპარეზოს პროფესიონალების მხარდამხარ. „რომპეტროლი" უკვე 4 წელია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტად იქცეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია,"- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
„რომპეტროლ საქართველო" 2008 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერი და გენერალურო სპონსორია. წლეულსაც, უკვე მეოთხედ, ყველა სეზონი „რომპეტროლის" სახელს ატარებს. „რომპეტროლის სეზონის 2011" ფარგლებში ყველა შეჯიბრი გასული წლებისგან განსხვავებულ ფორმატში გაიმართება და ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობებს შესთავაზებს.