"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 27 დეკემბერს გაიმართება
27 დეკემბერს 12:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაგრძელდება ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრება. თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში გასული ორი კანდიდატი: ქეთი ქვარცხავა და ზაზა ხატიაშვილი.
2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა კანონი ,,ადვოკატთა შესახებ" ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით კრებაზე მოხდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა ოთხწლიანი ვადით.
20 დეკემბერს შემდგარი არჩევნების შედეგად არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 წევრი, სარევიზიო კომისიის 5 წევრი.
Kკრებაზე, დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აღნიშნული დოკუმენტი ინიცირებული იქნება ახალი რედაქციით.
ცვლილებები კანონში ,,ადვოკატთა შესახებ " ითვალისწინებს ადვოკატთა საერთო კრების მოწვევისათვის ქვორუმის დაწევას 500 წევრის ოდენობით. ადვოკატთა ასოციაციის ორგანოების არჩევა მოხდება ფარული კენჭისყრის საფუძველზე ოთხი წლის ვადით. გაიზარდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა. ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს არა ადვოკატთა რიგებიდან.
კანონში ,,ადვოკატთა შესახებ" ცვლილებები, რომელიც მომზადდა მომქმედი ადვოკატებით და სამართლის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ და ადვოკატთა საერთო კრების მოწვევის ორგანიზება მიმდინარეობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის და USAID-ის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით.