2-3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუსთაველის თეატრში წარმოადგენს ახალ სპექტაკლს - მატეი ვიშნეკის "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი", რომელიც ქართულ სცენაზე პირველად სწორედ ბათუმში დაიდგა. ეს პიესა არის ამ დრამატურგის პირველი ნაწარმოები, რომელიც ქართულ სცენაზე დაიდგა.
ბათუმის თეატრი ამ სპექტაკლით მონაწილეობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული "Show Case" პროგრამაში.
რუსთაველის თეატრში წარმოდგენების გამართვისთანავე ბათუმის თეატრის დასი საგასტროლოდ თელავში მიემგზავრება, სადაც 4 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე საგასტროლო წარმოდგენას გამართავს. ბათუმის თეატრი 133 წლის განმავლობაში პირველად ეწვევა თელავის თეატრს.
მატეი ვიშნეკის პიესები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში რუმინეთის ცენზურამ აკრძალა. დრამატურგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და პარიზში გადასახლდა. მისი პიესების უმრავლესობა სწორედ ფრანგულ ენაზეა შექმნილი. ვიშნეკის პიესები დადგმულია საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დანიის, ავსტრიის, პოლონეთის, ფინეთის, იტალიის, თურქეთის, ბრაზილიის, რუმინეთისა და მოლდავეთის სცენებზე. ქართულ სცენაზე კი მისი პიესა პირველად გიორგი თავაძემ ბათუმის თეატრში დადგა.
პიესის ქართული თარგმანი თინათინ ღარიბაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში სულ სამი მსახიობი მონაწილეობს. ბათუმის თეატრის არტისტებს ტიტე კომახიძეს (ფილიპო) და მამუკა მანჯგალაძეს (ნიკოლო) პარტნიორობას ცნობილი მსახიობი, კინომსახიობთა თეატრის არტისტი რამაზ იოსელიანი უწევს, რომელიც საგანგებოდ მუხუცი კლოუნის (პეპინო) შესასრულებლად არის მოწვეული ბათუმის თეატრში.
სპექტაკლი მოხუცი კლოუნების ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებიც საგანგებოდ გამოცხადებულ კასტინგზე შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი იხსენეbენ წაrსულ წლებს და გაითამაშებენ უამრავ საცირკო ნომერს. ბათუმის თეატრის სპექტაკლზე რუსთაველის თეატრში მისულ მაყურებელს სპექტაკლისთვის თვალის მიდევნება იარუსებიდან მოუწევს, რადგან რადგან მოქმედების დიდი ნაწილი პარტერში მიმდინარეობს.