26 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ ახლად არჩეული პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის "ინაუგურაცია" გაიმართება. საზეიმო ღონისძიება სეპარატისტებს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში აქვთ დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ახლად არჩეულ პრეზიდენტს უფლება აქვს ფიცის დადების ცერემონიალზე თანამდებობის პირები, საზოგადო მოღვაწეები და უცხოელი სტუმრები დაპატიჟოს. თუმცა ამჯერად, ბაღაფშის უდროოდ გარდაცვალებისა და ვადამდლი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო, გადაწყდა, რომ ინაუგურაცია მოკრძალებული იქნება და მასზე სტუმრებს საზღვარგარეთიდან ოფიციალურად არ დაპატიჟებენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.
სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე წლის 26 აგვისტოს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის უდროოდ გარდაცვალების გამო ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე სამი კაბდიდატი იყრიდა კენჭს - ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 54, 9% მიიღო, სერგეი შამბამ 21,02% ხოლო რაულ ხაჯიბამ კი ამომრჩეველთა ხმების 19, 82% დააგროვა.