ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსული მარცვლეულის ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
9 ოქტომბერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებით, რუსეთი უკრაინის პორტებს ბომბავს და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას აფერხებს, პარალელურად კი საკუთარი მარცვლეულის ევროკავშირის გავლით ტრანსპორტირებით შემოსავლის მიღებას ცდილობს.
„ჩვენი ინფრასტრუქტურა არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს ომის დაფინანსებაში. უნდა გავზარდოთ ზეწოლა აგრესორზე და დავეხმაროთ უკრაინას, საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე გაიტანოს“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
წერილში ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი უკრაინულ სატვირთო გემებზე, რკინიგზასა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე თავდასხმებით უკრაინის ეკონომიკის დასუსტებას ცდილობს. ამავე დროს, მოსკოვი მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს, მათ შორის ბალტიის ზღვის გავლით.
ლიდერების შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთს არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აგრესიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მარცვლეულის ექსპორტით აანაზღაუროს. ისინი ასევე მოითხოვენ, აღიკვეთოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის ევროკავშირის გავლით გატანა.
უკრაინის სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ევროკავშირსა და უკრაინას შორის „სოლიდარობის დერეფნების“ გაძლიერებასაც ითხოვენ. ეს სატრანსპორტო მარშრუტები უკრაინულ პროდუქციას მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრაში ეხმარება.
მიხალის განცხადებით, ის საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე აპირებს.