უკრაინელი მომლაპარაკებლები აშშ-ში რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში ახალ, ყოვლისმომცველ გეგმას განიხილავენ, რომლის მიზანიც სამშვიდობო პროცესში არსებული ჩიხიდან გამოსვლაა.
ამის შესახებ NBC News აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
მოლაპარაკებები პარასკევს დაიწყება. ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, მოლაპარაკებები დაეთმობა „ახალ, ერთიან წინადადებას, რომელიც კონფლიქტის ყველა ასპექტს მოიცავს და ომის დასრულებისკენ არის მიმართული“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია აშშ-ში ორდღიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებოდა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
„ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებები და შეხვედრები გააქტიურდა“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. მას ახალი წინადადებების შესახებ არ უსაუბრია.
„ბოლო დღეებში ამერიკულ მხარესთან თავად სამჯერ მქონდა საუბარი და იმედი მაქვს, ჩვენი მომლაპარაკებლების შეხვედრა კარგ შედეგს გამოიღებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით გასულ თვეში გააქტიურდა, როდესაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, შემდეგ კი პირველად ეწვივნენ კიევს. ამ ვიზიტების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფს ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან.