უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკსა და უხტაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს.
ზელენსკის განცხადებით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა, ხოლო უხტის ქარხანა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1 900 კილომეტრში მდებარეობს.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ კიდევ ერთ ქარხანას, ომსკში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს საწარმოს, ასევე უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 1 900 კილომეტრში მდებარეობს.
უხტაში სამიზნეს AN-196 RS ტიპის დრონებით დავარტყით, რომელთა ფრენის მანძილი დაახლოებით 2 500 კილომეტრია. ერთი დღით ადრე კი ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ FP-6 ტიპის, მოდიფიცირებული FP-1 დრონები გამოვიყენეთ.
ჩვენ ვაგრძელებთ პასუხს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებზე და ამას სიზუსტუთ ვაკეთებთ. ასევე დავარტყით კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრს - ეს ჩვენი საპასუხო, სარკისებური მოქმედებაა. ჩვენი მებრძოლების სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.