სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის მიერ დაარსებულ "ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში", დაფინანსების შეწყვეტის გამო, სპექტაკლები აღარ იდგმება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკუშა შენგელაიამ განუცხადა, მერიის დაფინანსების შეწყვეტა თეატრის იურიდიული სტატუსის არარსებობიდან გამომდინარეობს.
"არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, არ არის გათბობა და ის პირობები, რომ სპექტაკლები დაიდგას. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტი ვერ აფინანსებს, იმიტომ რომ ეს კერძოა და არ შედის მათ საკუთრებაში. კერძო სტრუქტურებს კი თეატრის დაფინანსებას ვერ მოსთხოვ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ თეატრს ფინანსური პრობლემები 2010 წლის თებერვალში შეექმნა, როდესაც მერიამ დაფინანსება შეუწყვიტა, მიზეზად კი თეატრის იურიდიული სტატუსის არარსებობა დასახელდა.
"თეატრის საარსებოდ, სულ ცოტა, თვეში 90-100 ათასი ლარია საჭირო, ამაში შედის თანამშრომელთა ხელფასები, სპექტაკლების დაფინანსება. თბილისის მერიას არ აქვს უფლება, დააფინანსოს თეატრი, თუ ის მის ბალანსზე არ არის და მასთან გაფორმებული არ არის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, თეატრში მუშაობა შეწყვეტილია და ვერ ვდგამთ სპექტაკლებს", - აცხადებს შენგელაია.
თეატრს ნიკუშა შენგელაია სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობს.