ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა უახლოეს მომავალში მოსკოვის "Et Cetera" -ს თეატრში მუშაობას შეუდგება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ახლა მე რაღაც საქმეები მაქვს თბილისში დასამთავრებელი, 2 ოქტომბერს კი უკვე მოსკოვში ვიქნები", _ განაცხადა რეჟისორმა რუსულ მედიასთან საუბარში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, რეჟისორი "Et Cetera" -სთან თავისი ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმებას გეგმავს, სადაც იგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე კალიანგინმა მიიწვია.
"მე ზუსტად არ ვიცი თუ რა ერქმევა ჩემს თანამდებობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იგი იქნება გამყარებული საშტატო განრიგით და მე რეგულარული ხელფასი მექნება", - აცხადებს რობერტ სტურუა და აღნიშნავს, რომ იგი "Et Cetera"-ს თეატრში მასთან ერთად რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობის გადაყვანას გეგმავს. "ამის შესახებ უკვე ველაპარაკე კალიაგინს და ის ამის მომხრეა", - აცხადებს რეჟისორი.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
"თავდაპირველად მე მანთავისუფლებენ თეატრიდან, ახლა კი მთავაზობენ დავდგა ორი სპექტაკლი და ამისათვის დიდი ფულის გადახდას მპირდებიან, მაგრამ რა მე უკვე აღარ ვარ ქსენოფობი? მე არ ვარ გმირი, მე ადამიანი ვარ, თავისუფალი ადამიანი და ამიტომაც პატივი უნდა ვცე საკუთარ თავს და არ გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩემს სინდისს ეწინააღმდეგება", - ციტირებს რეჟისორს რუსული მედია.