სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დათვალიერება დაიწყო.
კალმახელიძე მინისტრის მოადგილესთან ლევან ზარანდიასთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დავით ჭაკუასთან ერთად რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის კომპლექსურ დაწესებულებას ესტუმრა.
რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული და ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით დაწესებულებაში არაერთი პროექტი ხორციელდება.
მინისტრმა საცხოვრებელი კორპუსები, პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სასადილო, ბიბლიოთეკები და თონე დაათვალიერა. შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ის პატიმრები მოინახულა, რომლებიც დაწესებულებაში კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ხათუნა კალმახელიძემ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაც მოინახულა.