დღეს, 22 სექტემბერს, 19:00 საათზე, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დარამატულ თეატრში საბალეტო სეზონი გაიხსნება. სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილი, თეატრის წამყვანი მოცეკვავეები და საბალეტო დასი.
ესტონელმა ქორეოგრაფმა ტეეტ კასკმა ოთარ ჭილაძის პოემის, "სინათლის წელიწადის", მოტივებზე ერთმოქმედებიანი ბალეტი - "უფრთოდ ფრენა წყვდიადში" დადგა. სპექტაკლში გამოყენებულია ღვთისმშობლის საგალობელი და ესტონელი კომპოზიტორის, ერკი-სვენ ტუურის ნაწარმოები "Dedication".
მიხეილ ფოკინის ერთმოქმედებიანი ბალეტი "შოპენიანა" (ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებებზე) ნინო ანანიაშვილმა დადგა.
მესამე მოქმედებაში მაყურებელი ნახავს იური პოსიხოვის გახმაურებულ ბალეტს ქართულ მელოდიებზე - "საგალობელი".
სპექტაკლის დაწყების წინ, ტრადიციულად, საბალეტო სეზონს გახსნის ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, რომლის მმართველობითი საბჭოს ახალი თავმჯდომარეები არიან სარა უილიამსონ-ჭირაქაძე და მიშელ დანნი.
ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებს გადაეცემათ სახელობითი სტიპენდიები.