24 სექტემბერს ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე, ანსამბლი "რუსთავი" კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა ფრიდონ სულაბერიძემ განუცხადა, კონცერტისთვის მზადება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
"ჩვენთვის დიდი პატივია "ვაჟაობის" ღონისძიებაში მონაწილეობა. როგორც ვიცი, ბევრ სტუმარს ელოდeბიან და უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ იმაზე, რომ მათთან ღირსეულად წარვდგეთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლი "რუსთავი" სოლოკონცერტისთვის ემზადება. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, კონცერტი ოქტომბერშია დაგეგმილი.
"ჯერ თარიღს ზუსტად ვერ გვეუბნებიან, იმიტომ, რომ ოქტომბერში სხვადასხვა ანსამბლის კონცერტებიც იგეგმება. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარვადგენთ ძველ და ახალ პროგრამას, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით. კონცერტზე ძველი, უფროსი და ახალი თაობის მოცეკვავეები გამოვლენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულბერიძემ.
კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება.