27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 160-ე საიუბილეო თეატრალურ სეზონს ხსნის.
მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ოპერის კოლექტივი პირველად ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერზე" მიიწვევს აუდიტორიას. მსმენელები ქართულ კლასიკურ ოპერას საკონცერტო შესრულებით მოისმენენ.
"აბესალომ და ეთერს" შეასრულებენ ოპერის სოლისტები: თეიმურაზ გუგუშვილი, მარიამ ქობალიანი, ელენე ჯანჯალია, მარიკა მაჩიტიძე, ელდარ გეწაძე, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გიორგი მახარაძე, ბონდო გოგია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი _ შალვა შაორშაძე) და სიმფონიური ორკესტრი. "აბესალომ და ეთერს" წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია. ოპერა შესრულდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
30 სექტემბერს ამავე დარბაზში მომღერლების - სულხან გველესიანის, გიორგი მახარაძის, ლეგი იმედაშვილის, ირინე რატიანის, ელენა პუტილოვას, ლევან მაკარიძის, თამაზ საგინაძის, მანანა იორდანიშვილის, თეატრის გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით საკონცერტო შესრულებით აჟღერდება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ნაბუქო".