დღეს, 20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია "უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა" ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
კონფერენციაში 70-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა.
კონფერენციის მიზანია, საშუალება მისცეს უცხოეთის ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევით დაინტერესებულ მეცნიერებს, წარმოადგინონ თავიანთი მუშაობის შედეგები და სიახლეები სხვადასხვა კვლევითი სფეროს მიხედვით.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემატიკაა უცხოეთის ქართული მონასტრები; ქართული ისტორიული ტერიტორიები საქართველოს საზღვრებს გარეთ, (კულტურული მემკვიდრეობა); უცხოეთის ქართული ხელნაწერი და საარქივო მემკვიდრეობა; უცხოეთის სხვა ქართული სიძველეები.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ირანის ეროვნული არქივისა და ბიბლიოთეკის დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
კონფერენცია 24 სექტემბერს დასრულდება.