გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა გურჯაანის და თელავის რაიონებში უკანონოდ მოჭრილი ხე - ტყე გამოავლინეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის ინსპექციაში განუცხადეს, კახეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ, ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესწავლის მიზნით, გურჯაანის სატყეო უბნის მეხუთე სარეინჯეროს შემოწმების შედეგად გამოვლინდა უკანონო მოჭრილი 294 ძირი წიფლის, რცხილისა და მუხის ჯიშის ხე-ტყე. ინსპექციის ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 7 555,32 ლარი შეადგინა. შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გაეგზავნა.
ასევე, გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში გამოვლინდა ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონო რეალიზაციის ფაქტი. `სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2024 ლარი. მიმდინარეობს გამოძიება~, - განაცხადეს გარემოს დაცვის ინსპექციაში.