გიორგი ბარამიძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ილიანა როს-ლეიტონთან, კომიტეტის წევრ ჰოვარდ ბერმანთან და სენატორ ქელი აიტონთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის, ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და 2012 წლის ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობაზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ საერთაშორისო კონფერენციის - „თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცება" - მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის დროს გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში წარმატებით მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოზე, როგორც წარმატებული დემოკრატიის მაგალითზე არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, არამედ მის ფარგლებს მიღმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობასა და მსოფლიოში დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.