დები იშხნელების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი უნდა გადაღებულიყო, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იშხნელების ოჯახის წევრებმა განუცხადეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩერდა.
ოჯახის წევრებმა ინფორმაციის გადამოწმება სცადეს, თუმცა მაშინ სამინისტროს წარმომადგენლები შვებულებაში იყვნენ.
"გადაღებები უკვე დაწყებული უნდა გვქონოდა, თუმცა გამოყოფილი ბიუჯეტი რატომღაც გაჩერდა და დამტკიცებულ პროექტზე გაურკვეველი პასუხი გვითხრეს. როგორც კი კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შვებულებიდან დაბრუნდებიან, ამ თემაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დები იშხნელების შვილთაშვილმა განო მელითაურმა.
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ "ჯი-ეიჩ-ენი" კვლავ დაინტერესდა ამ ამბით, თუმცა როგორც სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ.
"საერთოდ არ ვიცით, რა დოკუმენტურ ფილმზეა საუბარი. კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მგონი არც ყოფილა ჩვენთან", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესამსახურში.
შეგახსენებთ, რომ დები იშხნელების 100 წლის იუბილე ოქტომბერში აღინიშნება, თუმცა ამ ეტაპზე ღონისძიების ზუსტი თარიღი ოჯახის ახლობლებისთვისაც უცნობია.