18 წლის წინ, 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან, კაზაკთა ფორმირებებთან და რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად, დაარღვიეს სოჭში 27 ივლისს ბორის ელცინის შუამდგომლობით ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის გაფორმებული "თავდაუსხმელობის, ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ" შეთანხმება და აფხაზეთში, პრაქტიკულად უიარაღოდ დარჩენილ ქართველ მებრძოლებზე იერიში მიიტანეს.
27 ივლისს რუსეთის შუამავლობით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი და მძიმე ტექნიკა, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გასულიყო ქართული არმიის ჯავშანტექნიკა და არტილერია. აფხაზური ტექნიკის გაყვანაზე კონტროლი აფხაზეთში იმ დროისთვის დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალათ. 27 ივლისი პრაქტიკულად კაპიტულაციას ნიშნავდა.
"ქართველებს ტექნიკა და მძიმე შეიარაღება ქალაქიდან გაჰყავდათ, ჩვენ კი კამერის წინ მხოლოდ ერთ ნაღმტყორცნს დავაგორებდით იქით -აქეთ და ამით ტექნიკის გაყვანის იმიტაციას ვქმნიდით", _ ნათქვამია აფხაზური მხარის მიერ შეთანხმების შესრულების შესახებ ერთ-ერთი დაქირავებული ბოევიკის მოგონებებში.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ვინაიდან იმ დროისთვის, ქართული მხარის მიერ ზემოთნახსენები შეთანხმების ზედმიწევნით შესრულების გამო, ქართველი მებრძოლები განიარაღებულნი იყვნენ და სოხუმიდან, მისი შემოგარენიდან და აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონიდან მძიმე და საბრძოლო ტექნიკა გაყვანილი იყო.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.