რუსთაველის თეატრში "თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში", ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჯონ მალკოვიჩმა სპექტაკლი "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი" წარადგინა. სპექტაკლის დაწყებამდე, ქართველი მაყურებელი მსახიობის ოსტატობაზე და მის გამორჩეულ როლებზე "ჯი-ეიჩ-ენს" თამამად ესაუბრებოდა..
"ჩემი საყვარელი მსახიობია. ხომ არის დახარისხებული პირველი, მეორე, მესამე, ის ჩემთვის ნუმერაციის გარეშეა. რაც შეეხება სპექტაკლს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი რაც ჩამოქონდა, ინფორმაციის თვალსაზრისით მოვემზადე, მემგონი მალკოვიჩს არ ჭირდება დიდი მომზადება. მისი კინოროლები შეიძლება რაღაც გამოტოვებული მაქვს, მაგრამ ბერტოლუჩის ფილმი, მალკოვიჩის შესრულებით 10-ჯერ მაქვს ნანახი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნატა მურვანიძემ.
"ჯოჯოხეთური კომედია" ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისათვის დაიდგა. სპექტაკლი ჯეკ უნტერვეგერის ცხოვრების რეალურ ამბავს მოგვითრობს. ის იყო სერიული მკვლელი და ამასთანავე ქალების გულთამპყრიბელი, სახელგანთქმული პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი. ჯეკს ბრალად სდებდნენ ვენის, გრაცის, პრაღისა და ლოს-ანჟელოსის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მკვლელობას. მოგვიანებით იგი ვენიდან გაიქცა და თავი ამერიკას შეაფარა. მაიამიში დააპატიმრეს და ისევ ავსტრიაში დააბრუნეს. აქ ჯეკი თერთმეტი ქალის მკვლელობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, უნტერვეგერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რუსთაველის თეატრის სცენაზე მალკოვიჩმა ჯეკ უნტერვეგერის ცხოვრება გააცოცხლა. ის სცენიდანაც ჩამოვიდა და სერიული მკვლელის ისტორია მაყურებელს ახლოდან მოუყვა. იყო ოვაციები, მაგრამ ქართველი მაყურებელი მსახიობს ფეხზე რატომღაც არ წამოუდგა. მიუხედავად ამისა, არტისტმა სცენიდან ქართველებს ჩვენივე ენაზე "მადლობით" დაგვემშვიდობა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, საზოგადოების აზრი ორად გაიყო, თუმცა ყველანი იმაზე შეთანხმდნენ, რომ მსახიობს არაფერს უწუნებდბენ, უბრალოდ სპექტაკლმა ვერ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება.
"გენიოსია, ძალიან მაგარი მსახიობია. ერთხელ უკვე ნანახი მქონდა მოსკოვში და ახლა, მეორეჯერ მოვედი. ძალიან ნასიამოვნები ვარ", - განუცხადა "ჯი-იჩ-ენს" რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა.
მართალია ჯონ მალკოვიჩის არტისტობაში მარინა კახიანს ეჭვი არც ეპარებოდა, თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი შესრულებით უკეთეს სპექტაკლს მოელოდა.
"ძალიან მიყვარს მალკოვიჩი, მაგრამ რომ გითხრათ სპექტაკლით აღფრთოვანებული ვარ მოგატყუებთ. მისგან უკეთესს მოველოდი", - თქვა, მსახიობმა, მარინა კახიანმა.
სპექტაკლით არ აღფრთოვანდა ნატა მურვანიძეც. "ეს იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, სადაც თამაშობს არაჩვეულებრივი მსახიობი. იქიდან გამომდინარე, რომ მონო სპექტაკლი იყო, ყველაფერი ამ მსახიობზე იყო აწყობილი. ეს მსახიობი კი ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენ სფეროში. აქედან გამომდინარე, ეს საღამო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ", - განაცხადა მურვანიძემ.
"კმაყოფილი, როგორ არ ვარ მალკოვიჩი ვნახე, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ეს რაღაც ახალი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ეს ასე არაა. თუმცა, საინტერესო იყო. ეს იყო ნამდვილი კინო არტისტი სცენაზე, ეს არ იყოს თეატრის მსახიობი. ეს იყო ძალიან აკადემიური "კინოშნიკი". შეიძლება ჯერ ჩვენ უკან ვართ, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო შედევრი, თუმცა ეს იყო ღირებული წარმოდგენა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს", თეატრმცოდნე, ნიკა წულუკიძემ.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის საერთაშორისო ფესტივალი" მალკოვიჩის სპექტაკლით გაიხსნა. მსახიობმა საქართველო დღეს დილით გამთენიისას დატოვა.