სასტუმრო "რადისონში" თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ჯონ მალკოვიჩმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც მან "რადისონში" აღნიშნა ქართველი მსახიობების, თეატრისა და კინოს შესახებ არაფერი იცის.
"სამწუხაროდ, ძალიან მცირე ინფორმაცია მაქვს თქვენი კულტურის შესახებ. მე არც სხვა ქვეყნების თეატრისა და კინოს ისტორია ვიცი, რადგან არ დავდივარ კინოში. რაც შეეხება, ჩემი საქართველოთი დაინტერესებას, გეტყვით, რომ თეატრი ცოცხალია, ოპერა ცოცხალია, თბილისშიც ხომ ცოცხალი აუდიტორიაა, ამიტომაც ვიფიქრე რატომაც არა და მე აქ ვარ", - განაცხადა "ჯონ მალკოვიჩმა.
მსახიობთან მოლაპარაკებები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა მაზმიშვილმა განუცხადა მალკოვიჩი საქართველოს ხვალ გამთენიისას დატოვებს.
"მოლაპარაკებები არც ისე დიდი ხანი მიმდინარეობდა, სულ რაღაც 3 თვეში ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. სამწუხაროდ ის ვერ დაესწრება სხვა სპექტაკლებს. რადგან საქართველოში ძალიან მცირე ხნით არის ჩამოსული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაზმიშვილმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჯონმა თეატრისა და კინოს შესახებაც ისაუბრა.
"მსახიობები კინოში როლებს არ ირჩევენ, თავად კინო ირჩევს მათ. თან, გადაღებები შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს, რაღაცეები შეიცვალოს, ამოიღონ, წაშალონ... თეატრში კი ყველაფერი სხვანაირადაა. უკვე სამი წელია "ჯოჯოხეთურ კომედიაზე" ვმუშაობ და თითქმის ყოველ დღე ვთამაშობ. ეს ჩემთვის კინოზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მალკოვიჩმა.
პრესკონფერენციაზე სოპრანოები -კირსტენ ბლაისი და მარტენ გრიმსონიც იმყოფებოდნენ. საუბარში მათ ჯონის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მასთან თამაში ოცნებაზე მეტია.
ცნობისთვის, მალკოვიჩმა სოპრანოებთან ერთად "რედისონიდან" რუსთაველის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც ისინი რეპეტიციას გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი" ჯონ მალკოვიჩის შესრულებით დღეს თბილისის თეატრალურ ფესტივალს გახსნის.