დღეს, 14 სექტემბერს, ქართველ მუსიკოსს, ელისო ვირსალაძეს დაბადებიდან 69 წელი შეუსრულდა. ქართველი პიანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი ელისო კონსტანტინეს ასული ვირსალაძე 1942 წლის 14 სექტემბერს თბილისში დიბადა.
ელისო ვირსალაძე ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს სსრ სახალხო არტისტის, ანასტასია დავითის ასული ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფეა.
ელისო ვირსალაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ ი. ზაკის ხელმძღვანელობით.
ვირსალაძე არის მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959). ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.
ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.