მოსკოვის ოლქში სოფელ სატინო რუსკოეში ეკლესიის წინამძღვარი ალექსანდრე ფილიპოვი მოკლეს. სასულიერო პირს გულში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. ეს განცხადება მისმა ქვრივმა დედა ელენამ გააკეთა.
"მამა ალექსანდრე მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან არაადამიანებს შენიშვნა მისცა, როდესაც ისინი თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სადარბაზოში იდგნენ" - განაცხადა დედაომ.
მამა ალექსანდრეს სამი ქალიშვილი დარჩა. იგი მხოლოდ 39 წლის იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, მამა ალექსანდრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავება მალავე "ცხელ კვალზე" მოხდა.
"მკვლელობა სამშაბათ ღამით განხორციელდა. ორმა მთვრალმა მამაკაცმა ტუალეტში წასვლა აკრძალულ ადგილზე მოინდომა. გვერდით გამავალმა მამაომ კი მათ შენიშვნა მისცა. მთვრალებმა იგი სადარბაზოშივე მოკლეს"- იუწყება რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილები არიან 35 წლის ადგილობრივი მოსახლე და 28 წლის ვლადიმირის ოლქის მაცხოვრებელი.
რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა სასულიერო პირის მკვლელობის შესახებ განცხადება ამ დილით გააკეთა.
"ჩვენს მიერ დადგენილია მკვლელობის გარემოება. გვყავს ეჭვმიტანილები და მკვლელობის მოწმეები. ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია 1970 წელს დაბადებული ოლეგ შეხოვი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი მკვლელობისთვის" - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო თვეში მოსკოვის ოლქში მომხდარი სასულიერო პირის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. 19 ნოემბერს მოსკოვის ტაძრის მამაო, მამა დანიელი საკურთხეველზე თავში გასროლის შედეგად იქნა მოკლული. სულ რუსული მედიის ინფორმაციით 1990 წლიდან რუსეთში მოკლულია 25 მართლმადიდებელი სასულიერო პირი.