ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ანგარიშით 58:65 საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრა ლატვიაში, ქალაქ კლაიპედაში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის D ჯგუფის შეხვედრები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ბელგიის ნაკრებთან კლაიპედაში გამართულ მატჩში საქართველომ 22- ქულიანი უპირატესობით, 81:59 მოიგო. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ასპარეზობს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან დელეგაცია კლაიპედაში 3 ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გულშემატკივრებს შორის არიან ხელოვანები, ანსამბლები და ოფიციალური პირები, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ქალაქ კლაიპედაში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი. 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით იმართება ანსამბლების -"სუხიშვილებისა" და "ქართული ხმების" - ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ტარდება. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ქალაქ კლაიპედას ერთ-ერთ ქუჩას რამდენიმე დღით საქართველოს სახელი ეწოდა და სწორედ ამ ქუჩაზე "ზუმბალენდის" ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიღება იმართება. კულტურული პროგრამა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნმებასაც მოიცავს.