ხვალ, 2 სექტემბერს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას, ლატვიასთან სათამაშოდ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხაძე ("ზესტაფონი");
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია) გია გრიგალავა ( "ვოლა", რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით თარგამაძე ( "ოლექსანდრია", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე (ნალჩიკის "სპარტაკი", რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ჰაიფას "მაქაბი", ისრაელი), ოთარ მარცვალაძე( "კრასნოდარი", რუსეთი).
ქეცბაიას განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შეძლოს.
"ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შევძლოთ. თუმცა ფაქტია, რომ სხვა გუნდების შედეგებზედაც ვართ დამოკიდებული. მძიმე თამაში გველის ლატვიასთან და შემდეგ ორ თამაშშიც. იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება და კარგად მოვემზადებით. ლატვია კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - განაცხადა ქეცბაიამ.
მისი თქმით, დღეს რომ გუნდს ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი კიდევ დარჩა, ეს უპირველესად ბიჭების დამსახურებაა.
"არსებული რესურსით ისეთი გუნდის შექმნას ვცდილობთ, რომელიც გუნდურ თამაშს ითამაშებს. ძალიან მეიმედება იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ ასპარეზზე და, ალბათ, მალე შეძლებენ ეროვნულ გუნდში თამაშს", - აღნიშნა "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა.
ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება:
გუნდი თ მ ფ წ გგ მგ ქ
საბერძნეთი 6 4 2 0 8 3 14
ხორვატია 6 4 1 1 10 3 13
ისრაელი: 7 4 1 2 10 7 13
საქართველო 7 2 3 2 5 5 9
ლატვია 6 1 1 4 5 9 4
მალტა 6 0 0 6 2 13 0
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს მალტის წინააღმდეგ გამართავს. შესარჩევის ბოლო თამაშს საქართველო საბერძნეთის წინააღმდეგ, 11 ოქტომბერს, თბილისში გამართავს.